X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები მიმდინარეობს

7 ოქტომბერი 2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ორ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს - მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო სტადიონის მოწყობა და საცურაო კომპლექსის პროექტირება.

300 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი და განათების სისტემა, აშენდება ადმინისტრაციული შენობა, ორივე გუნდისთვის გასახდელები, სველი წერტილები და დამხმარე ნაგებობები.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონი ლარია.

ამასთან, თელავში ახალი საცურაო კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპლექსში გათვალისწინებულია ორი აუზის მოწყობა - 30 მეტრი სიგრძისა და 25 მეტრი სიგანის მთავარი აუზი და 16 მეტრი სიგრძისა და 8 მეტრი სიგანის საბავშვო აუზი.

კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები, ადმინისტრაციული და დამხმარე სივრცეები, ფოიე და 200 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დეტალური პროექტის შემუშავების შემდეგ, დაიწყება საცურაო კომპლექსის მშენებლობისთვის აუცილებელი პროცედურები.

საცურაო კომპლექსის საპროექტო სამუშაოების ღირებულება 1.035 მილიონ ლარზე მეტია.

ორივე პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტული აქტივობებისთვის შესაბამისი თანამედროვე პირობების შექმნას.